HR ტენდენციები 2021 წელს
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე მუდმივად იცვლება ცხოვრებისა და მუშაობის წესი. ცვალებად და არაპროგნოზირებად გარემოში HR მენეჯერებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თანამშრომლების ჩართულობისა და პროდუქტიულობის უზრუნველყოფაა.
გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე აქტუალურ HR ტენდენციებს:
💻 დისტანციურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება – მოსალოდნელია, რომ დისტანციური მუშაობის ტენდენცია პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება. ზოგიერთი ორგანიზაცია ჰიბრიდული მიდგომის შემოღებაზეც ფიქრობს, სადაც დასაქმებულები კვირაში რამდენიმე დღეს ოფისიდან იმუშავებენ, დანარჩენს კი დისტანციურად. შესაბამისად, კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ არა სამუშაო საათების რაოდენობას, არამედ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგს.
📚 ონლაინ სწავლება და პროფესიული განვითარება – დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ თანამშრომლებისთვის ახალი უნარების ათვისების საჭიროება გააჩინა. კომპანიები გეგმავენ ჩაატარონ ტრენინგები თანამშრომლებისთვის და დაეხმარონ მათ იმ ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომელიც ახალი სამუშაო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. HR-ების გამოწვევაა შექმნან ბედნიერი, კმაყოფილი და ეფექტიანი გუნდები, აუმაღლონ კვალიფიკაცია და მოამზადონ თუნდაც მოულოდნელი გათავისუფლებისთვის ან შეცვლისთვის, თუ ეს სავარაუდოა კომპანიის არსებული სიტუაციიდან და გეგმებიდან გამომდინარე.
💁♀️ თანამშრომელთა კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი HR ტენდენცია 2021 წელს. ორგანიზაციები განიხილავენ სხვადასხვა პროგრამებს, რათა ხელი შეუწყონ დასაქმებულთა როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას. მათ შორის ნერგავენ ისეთ ბენეფიტებს, როგორიცაა მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ბავშვებსა და უფროსებზე ზრუნვის ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ.
📱 ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება HR სისტემაში – COVID-19 კრიზისის დაწყების დღიდან, კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებენ HR ტექნოლოგიებში, რომელიც საშუალებას აძლევთ მუდმივად კონტაქტზე იყვნენ თანამშრომლებთან, უზრუნველყონ მათი ჩართულობა და გაამარტივონ ვირტუალური კომუნიკაცია: ჰქონდეთ წვდომა თანამშრომლების მონაცემებზე რეალურ დროში, თვალყური ადევნონ მათ სამუშაო გრაფიკსა და შესრულების მაჩვენებლებს, მიაწოდონ დროული უკუკავშირი, შესთავაზონ შესაბამისი სასწავლო პროგრამები, დააბალანსონ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და კეთილდღეობა და ა.შ.
📈 მონაცემთა ანალიზი – მონაცემთა ანალიზის დახმარებით თანამშრომელთა მუშაობის შედეგებისა და ხარისხის ანალიზი მალე გახდება შეუცვლელი ინსტრუმენტი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ამ მეთოდს გამოიყენებენ როგორც რეკრუტინგის პროცესში, ასევე თანამშრომელთა ჩართულობისა და პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად და მათი გადინების შესამცირებლად.
🔎 ვირტუალური On-Boarding – HR-სთვის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საუკეთესო ტალანტების ფართო სპექტრზე წვდომა, მათი დაინტერესება და მოზიდვა. 2021 წელს, მიზანი იგივე რჩება, განსხვავება კი ისაა, რომ დამსაქმებლები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ რეკრუტინგის პროცესის დისტანციურ რეჟიმში ეფექტურად წარმართვას, შემდგომ კი ახალი თანამშრომლის გუნდში ინტეგრირებასა და საუკეთესო სამუშაო გამოცდილების შექმნას.
წყარო: https://empxtrack.com/blog/hr-trends-2021/