clinic1 clinic2 clinic3
1button 2button 3button

რატომ წარმოადგენს შვებულება აუცილებლობას?

დროის გამოყოფა დასვენებისა და განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესია. მხოლოდ შაბათ-კვირას დასვენება არ არის საკმარისი განტვირთვისათვის. აუცილებელია საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დავუთმოთ, გარემო გამოვიცვალოთ და ძალები აღვიდგინოთ, რათა პროდუქტიულობა შევინარჩუნოთ და მეტი შემართებით გავაგრძელოთ საქმე.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომაა შვებულების გამოყენება აუცილებელი:

გადაღლილობის თავიდან აცილება – პერიოდულად განტვირთვა და დასვენება გვეხმარება თავიდან ავირიდოთ ფსიქიკური თუ ფიზიკური სტრესი. ზედმეტი წნეხის, გადაღლილობის და მუშაობის შემდეგ ხშირად ვკარგავთ მოტივაციას, გვიჭირს პრიორიტეტების განსაზღვრა და ვეღარ ვახერხებთ კონცენტრირებას. ამ დროს მარტივი დავალებებიც კი რთულად გვეჩვენება, შედეგად კი ნაკლებად მოტივირებულები და პროდუქტიულები ვართ. კვლევებმა აჩვენა, რომ მინიმუმ ოთხ დღიანი დასვენება დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და აუმჯობესებს ჩვენს მუშაობისა თუ კომუნიკაციის ხარისხს სამსახურში. ამასთან, შედეგი ბევრად უფრო თვალსაჩინოა, თუ ადამიანები გარემოს იცვლიან და დიდი დროით ეთიშებიან ყოველდღიურობას.

გაზრდილი პროდუქტიულობა და კონცენტრაციის უნარი – ყველას აქვს თავისი საზღვრები, ზედმეტი გადატვირთულობა ადრე თუ გვიან პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. კვლევები აჩვენებს, რომ ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა გავლენას იქონიოს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც მიზანზე ორიენტირებულ აქტივობებზეა პასუხისმგებელი. შესვენებების გარეშე მუშაობა გვაკარგვინებს კონცენტრაციის უნარს. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების თითქმის 75%, ვინც შვებულებას რეგულარულად იყენებს, უფრო ენერგიულად გრძნობს თავს და მუდმივად მზად არის დასახული ამოცანების გადასაჭრელად.

ინსპირაცია – როდესაც თავს დასვენების საშუალებას ვაძლევთ, შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენი შემოქმედებითი მხარე, რომელსაც ყოველდღიურ რუტინაში ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და ითრგუნება. სამსახურში დაბრუნებისთანავე შეგვიძლია ეს ინსპირაცია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ვიპოვოთ საქმის კეთებისა და პრობლემების გადაჭრის ახალი, კრეატიული გზა.

ურთიერთობების განვითარება – მიუხედავად იმისა, რომ კარიერულ მისწრაფებებს დიდ ყურადღებას ვუთმობთ, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ მუდმივად დიდ დროს ვატარებთ სამსახურში და საღამოს საათებშიც ჩვენი ყურადღება ძირითადად სამსახურის საკითხებზეა მიმართული, ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებს საკმარის დროს ვეღარ დავუთმობთ. შედეგად, ისინი თავს უმნიშვნელოდ იგრძნობენ. მცირე დროით შვებულების აღებაც კი საშუალებას მოგვცემს განვიტვირთოთ სამსახურისგან და მეტი დრო გავატაროთ ახლობელ ადამიანებთან ერთად.

გუნდურობის ამაღლება – ლიდერის მხრიდან თანამშრომლებისადმი ნდობა მაღალია, თუ მან იცის, რომ გუნდის წევრები მის გარეშეც შეძლებენ საქმის მაღალი ხარისხით შესრულებას. ადგილზე ლიდერის არყოფნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს გუნდის სხვა წევრებს და ეს პერიოდი შესაძლებლობაც შეიძლება აღმოჩნდეს ახალი ლიდერების აღმოსაჩენად.

აწმყოში ცხოვრება – თუ კონკრეტულ მომენტში ბევრი საქმე არ გვაქვს, შესაძლოა შვებულების აღება სამომავლოდ გადავდოთ. თუმცა, რეალურად, საუკეთესო დრო სწორედ ახლაა, რომ სხვა ინტერესებსა და მისწრაფებებს მივაქციოთ ყურადღება. შვებულება ფუფუნებას არ წარმოადგენს, ეს აუცილებლობაა ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

წყარო – https://hr.mcmaster.ca/why-vacation-is-important/

Created By GMA Georgia