როგორ შევარჩიოთ სამსახური?
ახალი სამსახურის დაწყებისას როგორც წესი, ყურადღებას ვაქცევთ პოზიციის დასახელებასა და მოთხოვნებს, თუმცა გიცდიათ ახალი სამსახურის დაწყება, სადაც პირველ რიგში ყურადღებას კომპანიას მიაქცევთ და შემდეგ პოზიციას?
გთავაზობთ 6 რჩევას, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სამსახური, თქვენი პრიორიტეტების შესაბამისად:
1. შეარჩიეთ სასურველი ინდუსტრია
სანამ კომპანიების შერჩევას დაიწყებთ, უმჯობესია იმ ინდუსტრიის იდენტიფიკაცია მოახდინოთ, რომელშიც სიამოვნებით იმუშავებდით. მაგალითად, თუ ხარ მწერალი, განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილებით, საგანმანათლებლო სფეროს არჩევა და ამ ინდუსტრიაში კომპანიების მოძიება სწორი მიდგომა იქნება. ეს მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ გამოცდილება ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ დაინტერესებული ხართ და გსურთ უფრო მეტი გაიგოთ, მუშაობის დაწყება და გამოცდილების მიღება მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
2. შეადგინეთ კომპანიების სია
მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ თუ რომელი ინდუსტრიით ხართ დაინტერესებული, განსაზღვრეთ თქვენს მოთხოვნებზე და საჭიროებებზე მორგებული სამუშაოს ტიპი. სამუშაო უნდა შეესაბამებოდეს თქვენს უნარებს, გამოცდილებას და ამასთან, აკმაყოფილებდეს თქვენს ფინანსურ მოთხოვნილებებს. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მოძებნოთ თანამდებობა ნებისმიერ დამსაქმებელთან, ეცადეთ ეს მახასიათებლები პირველ რიგში კომპანიაში იპოვოთ. ამ გზით, თქვენ საბოლოოდ იმუშავებთ ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს თქვენთვის შესაფერისი კულტურა.
3. გაიგეთ მეტი კომპანიების შესახებ
კომპანიების სიის შედგენის შემდეგ, დარწმუნდით, რომ შეისწავლეთ კომპანიები და ფლობთ დეტალურ ინფორმაციას მათ შესახებ. წაიკითხეთ ონლაინ სივრცეში გამოქვეყნებული მაღალი რანგის მენეჯერებთან ჩატარებული ინტერვიუები და გაიგეთ მეტი კომპანიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენად თანხვედრაშია თქვენი და კომპანიის ფასეულობები ერთმანეთთან და ნამდვილად გსურთ თუ არა ამ ორგანიზაციაში მუშაობა. ეს ინფორმაცია ასევე გამოგადგებათ გასაუბრების დროს მსჯელობის წარმართვაში.
4. იპოვეთ სწორი მიდგომები
კომპანიების შერჩევისა და მათი შესწავლის შემდეგ, მიუსადაგეთ თქვენი ინტერესები, შეხედულებები და დამოკიდებულებები მათ ორგანიზაციულ ქცევას. კომპანიებს სურთ სამსახურში აიყვანონ ადამიანები, რომლებიც კომპანიის მისიის ერთგულები არიან და ამოძრავებთ სურვილი – ერთობლივად მიაღწიონ კომპანიის მიზნებს.
მაგალითად, თუ თქვენ უძრავი ქონების სფეროში გაქვთ ცოდნა, მაგრამ მუშაობთ ბუღალტრულ აღრიცხვაში, შეგიძლიათ მოძებნოთ სამუშაო უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაში, ბუღალტრის თანამდებობაზე. თქვენი ცოდნა, გატაცება და მეტის ცოდნის სურვილი წარმოგაჩენთ, როგორც მონდომებულ და მოტივირებულ პირს, რაც კომპანიებისთვის მეტი სარგებლის მომტანია.
5. დაიწყეთ, როგორც მომხმარებელმა
კომპანიებს სურთ ჰყავდეთ თანამშრომლები, რომლებიც იცნობენ მათ პროდუქტსა თუ მომსახურებას. ამიტომაც, ეცადეთ მოძებნოთ აქტიური ვაკანსიები ისეთ კომპანიებში, რომელთა მომხმარებელიც ხართ. აჩვენეთ, რომ ფლობთ მათ შესახებ ინფორმაციას და იზიარებთ მათ მიზნებს. ეს რთულად განსახორციელებელი იქნება ყველა სიტუაციაში, მაგრამ თუ შეძლებთ და გაეცნობით მათ პროდუქტს, კიდევ უფრო მეტ საჭირო ინფორმაციას შეიტყობთ კომპანიის შესახებ და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც გაგიმარტივდებათ.
6. თვალი ადევნეთ სოციალურ არხებს
მას შემდეგ, რაც კარგად გაეცნობით კომპანიასა და მის მიზნებს, მოიძიეთ ინფორმაცია მათზე სოციალურ ქსელებში. ნახეთ მათი Facebook, LinkedIn გვერდები და იყავით ინფორმირებულნი ბოლო პერიოდში გაშუქებული სიახლეების შესახებ. შეგიძლიათ უყუროთ მათ YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს, რათა უკეთ გაეცნოთ კომპანიის კულტურას. გამოიყენეთ სოციალური მედია სამუშაოს ძიებისას და დარწმუნდით, რომ აქტიური დარჩებით კომპანიის პროფილებზე.
წყარო: https://www.flexjobs.com/blog/post/choose-a-company-then-a-job/